English / ქართული / русский /
რამაზ აბესაძე
„ღია ინოვაციები“, „ღია მეცნიერება“, ეროვნული ინოვაციური სისტემა და მისი მოდელები

ანოტაცია. ნაშრომში გამოკვლეულია ევროკავშირის ინოვაციურ პოლიტიკაში მიმდინარე სტრატეგიული მიმართულებები – „ღია ინოვაციები“, „ღია მეცნიერება“ და „ღიაობა მსოფლიოსადმი“. ამის საფუძველზე შესწავლილია ეროვნული ინოვაციური სისტემის არსი და მათი მოდელები თანამედროვე ეტაპზე.

საკვანძო სიტყვები. ღია ინოვაციები, ღია მეცნიერება, ღიაობა მსოფლიოსადმი, ინოვაციური სისტემა.

ინოვაციები

ინოვაცია (ინგლისურად - innovation) ლათინური „Innovatio“-დან მომდინარეობს, რაც „განახლებას“ ნიშნავს. „In“ წინსართი კი ლათინურად ითარგმნება როგორც „მიმართულებით“. მაშასადამე, სიტყვასიტყვით „Innovatio“ ნიშნავს – „განახლების მიმართულებით“. მართლაც, ინოვაციის მთავარი არსი მდგომარეობს განახლებაში, უფრო პროგრესულის დანერგვაში.  ეკონომიკაში ტერმინი ინოვაცია პირველად ავსტრიელმა ეკონომისტმა ჯოზეფ შუმპეტერმა შემოიტანა [Шумпетер Й. А. 1989.], თუმცა არსობრივად  სხვა ტერმინით იგი მანამდეც გამოიყენებოდა. ადამ სმითი მიუთითებდა, რომ კაპიტალიზმის ორგანიზაციული მექანიზმის როლს ასრულებს არა მხოლოდ საბაზრო ეკონომიკა, არამედ კონკურენცია, რომელიც აიძულებს მეწარმეს აამაღლოს ეფექტიანობა ახალ  ტექნოლოგიებზე გადასვლით, ანუ ინოვაციების  მეშვეობით [Смит А. 2007].

ნ. კონდრატიევმა თავის თეორიაში კონიუნქტურის დიდი ციკლების შესახებ [Кондратьев Н. Д. 2002] დაასაბუთა დიდი ციკლების არსებობა 50–60-წლიანი ხანგრძლივობით. მისი აზრით, დიდი ციკლის აღმავალი ტალღის დაწყების წინ ხდება ღრმა თვისებრივი ცვლილებები საზოგადოების სამეურნეო საქმიანობაში, რომელიც გამოიხატება ტექნიკასა და ტექნოლოგიებში მომხდარი არსებითი სიახლეებით  როგორც წარმოების, ისე გაცვლის სფეროში. რასაკვირველია, ამ სიახლეებში იგულისხმება ინოვაციების  განხორციელება  ეკონომიკაში.

სოციოკულტურულ  სფეროში ინოვაციური  განვითარების საფუძვლები შექმნა პ. სოროკინმა [Сорокин П. С. 2000]. მისი აზრით, კულტურის რომელიმე ტიპის გაბატონება განსაზღვრავს ყოველი საზოგადოების დამახასიათებელ ნიშნებს, სტრუქტურის თავისებურებებს,  დინამიკას.

ინოვაციის  თეორიის  განვითარებაში  მნიშვნელოვანი  წვლილი  შეიტანა ინგლი­სელმა   მეცნიერმა  ჯონ  ბერნალმა. იგი  მიუთითებს, რომ  მეცნიერებაში   აყვავების პერიოდები  ემთხვევა  ეკონომიკური  აქტივობის  ზრდას  და  ტექნიკურ   პროგრესს, როგორც    ინოვაციების  გამოყენების  შედეგი [Бернал Дж. 1956].

განავითარა  რა  ჯ. შუმპეტერისა  და   ჯ. ბერნალის   იდეები, ნობელის  პრემიის  ლაურეატმა  სეიმონ  კუზნეცმა  [Kuznets S. 1930] კიდევ უფრო გაამდიდრა ინოვაციების თეორია. მან შემოიტანა ეპოქალური  ინოვაციების  ცნება, რითაც  დაადასტურა, რომ სწორედ მათი მეშვეობით ხდება  ერთი  ისტორიული  ეპოქიდან  მეორეზე   გადასვლა.

საზოგადოების პროგრესი განუყრელადაა დაკავშირებული ინოვაციებთან. მან განაპირობა არნახული პროგრესი ადამიანთა საქმიანობის ყველა სფეროსა და ყოფა-ცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური განვითარების პროცესი, ეს არის ინოვაციათა განხორციელების პროცესი ეკონომიკური სისტემის  ყველა  ელემენტში.

ინოვაციები ხორციელდება ნებისმიერი წყობილების დროს, მაგრამ იგი განსა­კუთრებულ მნიშვნელობას იძენს გარკვეულ ეტაპზე, როდესაც მათი დამკვიდრება  იღებს  უწყვეტ ხასიათს და ხდება განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ეს პროცესები მსოფლიოში დაიწყო გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან და განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში. ამიტომაა, რომ ამ ქვეყნების ეკონომიკას  ინოვაციურ  ეკონომიკას  უწოდებენ. ინოვაციური  ეკონომიკა ეფუძნება ცოდნას, ინოვაციების ნაკადს, ტექნოლოგიების, ინფორმაციის, ინსტიტუციების, ადამიანისეული კაპიტალის, წარმოების ორგანიზაციის, პროდუქციისა და ა.შ. გამუდმებულ სრულყოფას, მეცნიერთა და ნოვატორთა ინტელექტუალურ შრომას და არა უბრალოდ კაპიტალს. მეცნიერება, გამოგონება, ინოვაცია ასეთ ეკონომიკაში განვითარების ერთიან ორგანულ  ფაქტორს  წარმოადგენს  [აბესაძე... 2015]. 

ღია ინოვაციებიდაღია მეცნიერება

განვითარებულ  ქვეყნებში გამუდმებით მიმდინარეობს ინოვაციური პოლიტიკის განვითარება. ამ მხრივ ლიდერის როლს ევროკავშირი ასრულებს. ევროკავშირის ინოვაციების ახალი სტრატეგია ითვალისწინებს სამი ახალი მიზნის  მიღწევას, ესაა: ღია ინოვაციებზე  გადასვლა; მეცნიერების  ღიაობა; ღიაობა  მსოფლoოსადმი.

ღია ინოვაციები“. ინოვაციური პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, მათი განვითარების დონის შესაბამისად.  ევროკავშირში, სადაც ინოვაციური პოლიტიკა წლების განმავლობაში მნიშვნელოვნ პროგრესს განიცდის,     ბოლო პერი­ოდში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს როგორც მისი შინაარსის, ასევე მონიტორინგის კომპონენტების დაზუსტება.  მნიშვნელობის თვალსაზრისით წინა პლანზე გამოდის ინოვაციური პროცესის „გახსნილობის“ ფაქტორები და მანამდე წარმატებით მოქმედი „ხარჯებისა“ და „გამომუშავების“ მთლიანი ინდიკატორები, როგორიცაა მასში ჩართული რესურსების დიდი მოცულობა და აქტიური პატენტი.  საგამომცემლო საქმიანობა აღარ არის მისი წარმატების  გარანტი [Tsirenshchikov    V. 2019].  2015 წლის 22 ივნისს ბრიუსელში კონფერენციაზე  („ახალი დასაწყისი ევროპისთვის: ევროპული ინოვაციების კვლევის არეალის გახსნა“) გამოსვლის დროს ინოვაციურ პოლიტიკაში ცვლილებები გამოაცხადა ევროკომისარმა მეცნიერების, კვლევისა და ინოვაციების საკითხებში კარლოს მაედასმა. მან განსახილველად წარადგინა ახალი ინოვაციური სტრატეგია, რომელიც ეყრდნობოდა „ღია ინოვაციების“ გავრცელების იდეას.  ღია ინოვაციის კლასიკური განმარტება მოცემულია მისი დამფუძნებლის ჰენრი ჩესბროს მიერ, როგორც შემავალი და გამავალი ცოდნის ნაკადების გამოყენება შიდა ინოვაციების დასაჩქარებლად [Open Innovation…, 2015].

„ღია ინოვაციის“ კონცეფცია მუდმივად იხვეწება სწორხაზოვანი მოდელებიდან, ორმხრივი ტრანზაქციებიდან და ურთიერთქმედებებიდან დინამიკურ ინოვაციურ ეკოსისტემებზე გადასვლის მიმართულებით, რომელიც ჩამოყალიბებულია ქსელურ ბაზაზე და მრავალმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე.

ღია მეცნიერება“. პირველად "ღია მეცნიერების" კონცეფცია წამოაყენა ამერიკელმა ეკონომისტმა რიჩარდ ნელსონმა. ის მხარს უჭერდა მეცნიერული ცოდნის ღია გაზიარების აუცილებლობას [Nelson, R. 2012], რომ მეცნიერული კვლევა ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საზოგადოების ყველა დაინტერესებული ფენისთვის, იქნება ეს პროფესიონალი თუ მოყვარული.  ეს ნიშნავს სამეცნიერო  პროცესისადმი ახალ მიდ­გომას, რომელიც დაფუძნებულია თანამშრომლობასა და ცოდნის გავრცელების ახალ მეთოდებზე ციფრული  ტექნოლოგიებისა  და ურთიერთქმედების ახალი ინსტრუმენტების გამო­ყენებით [Open Innovation…, 2015]. ეს კონცეფცია დიდი ხანია ევროკომისიის ყურადღების ცენტრშია [Commission Recommendation... 2012]. ჯერ კიდევ 2012 წელს  ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საჯაროდ დაფინანსებულ ყველა კვლევის ღია ხელმისაწვდომობის პოლიტიკას [Open Innovation…, 2015]. იგი მიზნად ისახავს სამეცნიერო ჟურნალებში კვლევის შედეგების გამოქვეყნების სტანდარტული პრაქტიკიდან გადასვლას ყველა არსებული ცოდნის ერთობლივ განვითარებასა და გამოყენებაზე. ეს შეიძლება შევადაროთ ქსელურ ურთიერთობებს – ქსელი უკეთესი ხდება  იმ შემთხვევაში, რაც უფრო მეტი ადამიანი იყენებს მას. „ღია მეცნიერება“ საშუალებას აძლევს საბოლოო მომხმარებლებს გახდნენ ახალი  იდეების, ურთიერთობებისა და სერვისების  შემქმნელები. ამრიგად, „ღია მეცნიერება“ აფართოებს ტრადიციული სამეცნიერო კვლევისა და თანამშრომლობის ფორმებს, ზრდის ცოდნის გაზიარების ინტენსივობას, ხსნის შეზღუდვებს მათ გაცვლაზე, მაღალი რანგის ჟურნალებში კვლევის შედეგების გამოქვეყნებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების  რეგისტრაციის  დაბრკოლებებს.

ღიაობა მსოფლიოსადმი არის ევროკავშირის ახალი სტრატეგიული მიზნის მესამე კომპონენტი, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და გაფართოებას მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში კიდევ უფრო დიდი ღიაობის საფუძველზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პარტნიორობა ქვეყნებსა და რეგიონებს შორის უნდა გადაიზარდოს  გლობალური სამეცნიერო სივრცის ჩამოყალიბებაში, სადაც  მეცნიერებსა და ნოვატორებს შეეძლებათ თავისუფლად იმუშაონ  მთელი მსოფლიოს კოლეგებთან. 

ინოვაციური სისტემა და მისი მოდელები

თანამედროვე ეტაპზე ეკონომიკური განვითარების საფუძველი ინოვაციებია. თანამედროვე კონკურენციის პირობებში ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, მიდის არა რესურსების, არამედ ინოვაციების უნარის ფლობისათვის [Швец...2019.]. ინოვაციური პროცესი განუყოფელია ინოვაციური სისტემისაგან. ინოვაციური სისტემის ცნება პირველად შემოიტანა ინგლისელმა ეკონომისტმა, ბერნალის პრემიის ლაურეატმა  კრისტოფერ ფრიმანმა. იგი ეროვნულ ინოვაციურ სისტემას განიხილავდა როგორც ერთობლიობას და ურთიერთკავშირს ეკონომიკურ სუბიექტებსა და ორგანიზაციებს შორის, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას ახალი ცოდნის შექმნაში,  შენახვასა და გავრცელებაში; მის გარდაქმნაში იმ ახალ  ტექნოლოგიებად, საქონლად და მომსახურებად,   რომელიც გამოიყენებოდა საზოგადოების მიერ (Freeman C.  1987). ამერიკელი ეკონომისტი რიჩარდ ნელსონი წერდა, რომ ინოვაცია წარმოადგენს კომპლექსურ პროცესს, რომელიც აერთიანებს განსხვავებულ მონაწილეებს, ისეთებს, როგორებიც არიან ახალი ცოდნის მწარმოებელი ფირმები, ტექნოლოგიური და ანალიტიკური ცენტრები, რომელთა შორის არსებობს უამრავი კავშირი და რომლებიც ამგვარად ქმნიან ინოვაციურ სისტემას [Nelson R. 1993].

ეროვნული ინოვაციური სისტემა (ეისმოიცავს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სისტემას, ინოვაციურ ინფრასტრუქტურას.   ინოვაციური ეკონომიკის ფორმირება და რეგულირება ხორციელდება სახელმწიფო ორგანოების მიერ. მასში მონაწილეობს ხელისუფლების თითქმის ყველა  შტო, განსაკუთრებული მნიშვნელობა კი ენიჭებათ ეკონომიკური პროფილის სამინისტროებს. დიდია  ეროვნული ბანკის წვლილი ინოვაციური ეკონომიკის ჩამოყალიბების პროცესში, ვინაიდან  სწორი მონეტარული პოლიტიკა დადებით გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე  და, ბუნებრივია, ინოვაციური პროცესების წარმართვაზე. ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტატისტიკის სამსახური, რადგანაც საწარმოებში ინოვაციების განხორციელების შესახებ მონაცემთა უქონლობის გარეშე სწორი ინოვაციური პოლიტიკის განხორციელება და ღონისძიებათა დაგეგმვა  შეუძლებელი  იქნება.

ინოვაციური ეკონომიკის ფორმირებაში დიდი მნიშვნელობა აქვს არაეკონომიკური პროფილის სამინისტროთა საქმიანობასაც, ვინაიდან ეკონომიკურ განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ეკონომიკური  ფაქტორები, არამედ  არაეკონომიკურიც. ამ მხრივ გამოირჩევა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც ქვეყნის ინოვაციური სისტემის ფუნდამენტის _ განათლებისა და მეცნიერების განვითარებაზეა პასუხისმგებელი. დადებით გავლენას ახდენენ სხვა  სამინისტროებიც, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამყარებს რა კარგ ურთიერთობებს მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებთან, უმჯობესდება საინვესტიციო გარემო, რაც ხელს უწყობს ინოვაციების შემოდინებას ქვეყანაში და  ა. შ.

პარლამენტმა უნდა მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტები საკუთარი ინიციატივების ან  მთავრობის მიერ  შემოთავაზებული  დოკუმენტების  საფუძველზე.

სამართალდამცავი სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებაზე დიდადაა დამოკიდებული ბიზნესგარემო. სამართლიანობის დაცვის შემთხვევაში როგორც შიგა, ისე  გარე ინვესტიციები იზრდება და  პირიქით.

ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები უფლებამოსილი არიან, მხარი დაუჭირონ ინოვაციური პროექტების განხორციელებას, რეგიონული ინოვაციური სისტემების ფორმირებასა  და  განვითარებას.

სრულყოფილი ინოვაციური სისტემის ფორმირება შეუძლებელია განვითარებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემების არსებობის გარეშე. საგანმანათლებლო სისტემამ უნდა უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური სამეწარმეო და სამეცნიერო კადრების აღზრდა, სამეცნიერო სისტემამ კი –  ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის ახალი ცოდნის (აღმოჩენების) გენერირება. ამასთან განათლება და მეცნიერება არ შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთი დარგი. მართალია, სამეცნიერო კადრებს განათლების სისტემა იძლევა, მაგრამ ახალ ცოდნას ქმნის არა განათლება, არამედ მეცნიერება, რაც საზოგადოების, ისე თვითგანათლების პროგრესს განაპირობებს. Aამდენად, პრიორიტეტი  მეცნიერებას  უნდა მიენიჭოს.

ინოვაციური სისტემა ასევე მოიცავს: 1. რესურსებს –  მეცნიერული და ტექნოლოგიური კვლევები, დაფინანსებისა და დაზღვევის მექანიზმები, ადამიანისეული რესურსები; 2. ინსტიტუციებს, რომლებიც ადგენენ საერთო პირობებს ინოვაციური საქმიანობისათვის (კანონები, დებულებები, წესები, ნორმები, სტანდარტები); 3. ინფრასტრუქტურას.

ინოვაციური სისტემის ინფრასტრუქტურა შედგება იმ სუბიექტებისაგან, რომელთა საქმიანობა მიმართულია საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კერძო და სახელმწიფო სექტორის და კავშირების, თანამშრომლობისა და ინოვაციური საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობისკენ. სწორედ მისი მეშვეობით ხორციელდება სახელმწიფო ორგანოთა და კერძო სექტორის გადაწყვეტილებათა გარდაქმნა ინოვაციად ანუ ყველა პროცესი მეცნიერული აღმოჩენებიდან ინოვაციებამდე. ინოვაციური საქმიანობის ხელშესაწყობად სახელმწიფო ორგანოს ან სხვა პირის მიერ შეიძლება შეიქმნას ინოვაციური სისტემის ინფრასტრუქტურის შემდეგი სუბიექტები: სამეცნიერო ან ტექნოლოგიური პარკები; ბიზნესინკუბატორები; ბიზნესამაჩქარებლები; ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრები; სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები; ინოვაციის ლაბორატორიები, ინოვაციების ცენტრები.

სამეცნიერო-ტექნოლოგიური პარკი უზრუნველყოფს განსაზღვრულ სივრცეში ინფრასტრუქტურულ და პროფესიულ მომსახურებებს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და ინოვაციური საქმიანობის სხვა სუბიექტებისათვის. იგი ხელს უწყობს აქ ჩამოთვლილი პირების თანამშრომლობას, ახალი ტექნოლოგიების შესაძლო უსწრაფეს გამოყენებას, ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების  შექმნას და  ბაზარზე მათ გატანას.

ბიზნეს ინკუბატორის ძირითადი  ფუნქციაა კონკურსის წესით შერჩეული ინოვაციური საქმიანობის სუბიექტებისთვის სამუშაო სივრცის უზრუნველყოფა, ადმინისტრაციული და სხვა სახის  ტექნიკური  დახმარების  გაწევა  არა უმეტეს 2 წლის  ვადით.

ბიზნეს ამაჩქარებლის ძირითადი ფუნქციაა, კონკურსის წესით შერჩეული ინოვა­ციური საქმიანობის სუბიექტებისთვის უზრუნველყოს სამუშაო სივრცე, მათი ბიზნესიდეისა და მოდელის განვითარება და დახვეწა, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი კონკურსის პირობებით  განსაზღვრული  ინვესტირება.

ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი უზრუნველყოფს  ინოვაციების გადაცემას, რაც მოიცავს ინოვაციის კომერციული პოტენციალის შეფასებას, პარტნიორთა მოძიებას ინოვაციის გადასაცემად და კომერციალიზაციის  მიზნით  ასეთი  გადაცემის  შეფასებას.

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია განსაზღვრულ სივრცეში ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურულ და პროფესიულ მომსახურებას,  რაც გულისხმობს  იდეების  ტესტირებასა  და  ნიმუშის   დამზადებას.

ინოვაციების ლაბორატორიასაგანმანათლებლო  დაწესებულებებსა  და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობის შედეგად ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურულ და პროფესიულ მომსახურებებს და ტრეინინგებს, რომელიც გულისხმობს კონკრეტულ ბიზნესზე ორიენტირებულ  სწავლებას, იდეების  ტესტირებასა  და  ნიმუშის  დამზადებას.

ინოვაციების ცენტრი უზრუნველყოფს მოსახლეობის კომპიუტერული უნარ-ჩვევების ამაღლებას, ინოვაციების სფეროში სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას, დისტანციური სწავლებებისა და დასაქმების პლატფორმების დანერგვას.

გარდა ამისა, ინოვაციური ინფრასტრუქტურა შეიძლება მოიცავდეს სხვა სუბიექტთა ფართო სპექტრს: სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და საკონსტრუქტორო ბიუროებს; მცირე ინოვაციურ საწარმოებს; კლასტერებს; მცირე ინოვაციურ, ინჟინირინგულ, კონსალტინგურ და ინფორმაციულ სამსახურებს; ტრეინინგ-ცენტრებს; ლიზინგური მომსახურების კომპანიებს; ინოვაციური მეწარმეობის მხარდამჭერ სახელმწიფო და არასახელმწიფო ფონდებს. ფინანსური მხარდაჭერის გასაუმჯობესებლად სასურველია ასევე არსებობდეს ინოვაციების ბანკი, რომელიც ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად გასცემს გრძელვადიან კრედიტებს დაბალი საპროცენტო განაკვეთით, დააზღვევს მათ და სხვ.

ინოვაციური სისტემა მოიცავს ინოვაციური პროცესის ყველა ეტაპს კვლე¬ვებიდან წარ¬მოე¬ბამდე და რეალიზაციამდე. ინოვაციური სისტემა ძალზე რთული ორგანიზმია. იგი უზრუნველყოფს ახალი ცოდნის ინტენსიურ მოდინებას, მის გარდაქმნას სამეცნიერო-ტექნიკურ სიახლეებად და მათ კომერციალიზაციას. ინოვაციური სისტემები ერთმანეთისაგან განსხვავდება ქვეყნებისა და მათ წინაშე მდგარი ამოცანების მიხედვით. განასხვავებენ ინოვაციური სისტემის რამდენიმე მოდელს:

ევროატლანტიკურ მოდელს, რომელიც განხორციელდა სხვადასხვა ვერსიით აშშ-ში, კანადაში, განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში, აქვს ეის-ის სტრუქტურის ყველა კომპონენტი, ანუ ეს არის სრული ინოვაციური ციკლის მოდელი ინოვაციური იდეის გაჩენიდან მზა პროდუქტის მასობრივ წარმოებამდე. განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში ეროვნული ინოვაციური სისტემები კონცენტრირებულია უმსხვილესი უნივერსიტეტების ირგვლივ (თუმცა რიგ ქვეყნებში – საფრანგეთში, დანიაში, შვედეთში და სხვ. – კვლევითი ინსტიტუტები და მეცნიერებათა აკადემიები ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ).

აღმოსავლეთ აზიური მოდელი განსხვავდება ევროატლანტიკური მოდელისგან იმით, რომ, პირველ რიგში, უნივერსიტეტები, როგორც ინოვაციური განვითარების ცენტრები, ბევრად უფრო მცირე როლს თამაშობენ, ვიდრე კორპორაციების კვლევითი ლაბორატორიები. ამ ქვეყნების ეროვნული ინოვაციური სისტემები თითქმის მთლიანად მოკლებული იყო ფუნდამენტური მეცნიერების კომპონენტს; მეორეც, ეს ქვეყნები ძირითადად სესხულობდნენ ტექნოლოგიებს ევროატლანტიკური ტიპის ეროვნული ინოვაციური სისტემების მქონე ქვეყნებიდან; მესამე, დანახარჯების უდიდეს ნაწილს სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე (R&D) ეწეოდა კერძო სექტორი (იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური, ჰონგ-კონგი, ტაივანი), თუმცა გასული საუკუნის 80-იანი წლების შუა პერიოდში ამგვარმა სისტემამ გარკვეულწილად ამოწურა თავი და მას შემდეგ დაიწყო ამ ქვეყნების ეროვნული ინოვაციური სისტემების თანდათანობითი ტრანსფორმაცია.

ალტერნატიული მოდელი ჩამოყალიბდა ძირითადად სოფლის მეურნეობის ქვეყნებში, რომლებსაც არ გააჩნიათ მნიშვნელოვანი სამეცნიერო პოტენციალი, რის შედეგადაც მათ ეროვნულ ინოვაციურ სისტემებს აკლია ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების ბლოკი. ამ ქვეყნებში ეროვნული ინოვაციური სისტემების ფორმირებისას აქცენტი კეთდება ცალკეული სექტორების ინოვაციური მენეჯმენტის განვითარებაზე (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი) და ტექნოლოგიების სესხებაზე, ვიდრე მათ განვითარებაზე (ჩილე, ტაილანდი, პორტუგალია). თუმცა, თანდათანობით ამ ქვეყნებში დაიწყო ზოგიერთი მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარება და საჭირო ინოვაციური ინფრასტრუქტურის ფორმირება, მათ შორის ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების სფეროში.

სამმაგი სპირალის მოდელი არის ევროატლანტიკური მოდელის განვითარების პროდუქტი. მან განვითარება პოვა შეერთებულ შტატებში, ხოლო მისმა ცალკეულმა ელემენტებმა – დასავლეთ ევროპის ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში, ბრაზილიასა და იაპონიაში. ეს მოდელი აღწერს სამი ინსტიტუტის (მეცნიერება, მთავრობა, ბიზნესი) ურთიერთქმედებას ინოვაციური პროდუქტის შექმნისა და წარმოებაში დანერგვის თითოეულ ეტაპზე, ასევე სამი მონაწილის ურთიერთქმედებას ყველა როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ, სექტორულ და საწარმოს დონეზე [Бурдули... 2017].

თანამედროვე ეტაპზე ინოვაციური სისტემის მოდელები ცვლილებას განიცდის, ძირითადად ზემოთ მოყვანილი „ღია ინოვაციების“, „ღია მეცნიერებისა“ და „მსოფლიოსადმი ღიაობის კონცეფციების და ეკოლოგიური პრობლემების გააქტიურების შესაბამისად“. სპირალის ტრადიციული სამრგოლიანი სისტემა ("მეცნიერება–სახელმწიფო–ბიზნესი") შეიცვალა ოთხრგოლიანი მოდელით – „მეცნიერება–სახელმწიფო–ბიზნესი–საზოგადოება“, სადაც საზოგადოება განიხილება, როგორც ინოვაციური სისტემის სრულფასოვანი სუბიექტი. შემდეგ ხდება ამ მოდელის კიდევ სრულყოფა და წარმოიშვა ხუთრგოლიანი ვერსია – სახელმწიფო, მეცნიერება, ბიზნესი, საზოგადოება, გარემო. ეს მოდელი სამრგოლიანი მოდელისაგან განსხვავებით გულისხმობს ინოვაციების ღიაობის პრინციპს, ანუ ინოვაციურ პროცესებში საზოგადოების მნიშვნელოვან ჩართულობას, ასევე არსებული გარემოს გათვალისწინებას – გარემოში იგულისხმება ეკოლოგიური ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ დანარჩენი კომპონენტების მდგრად განვითარებასა და სტაბილურ ფუნქციონირებას [Tsirenshchikov V. 2019]. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. აბესაძე რ., 2015. ინოვაციები და ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების ზოგადი მიმართულებები საქართველოში. თსუ, პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული, თბილისი, „თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა“.
  2. Бурдули В. Особенности трансформации национальных инновационных систем в некоторых развитых странах. – В сб.: Proceedings of Materials of International Scientific-Practical Conference Dedicated to the 65th Anniversary of Professor George Tsereteli: Structural and Innovative Problems of Economic Development. Publishing house of Paata Gugushvili Institute of Economics of Ivane Javakhishvili Tbilisi State University. Tbilisi, 2017. Стр. 32-39.
  3. Бернал Дж. 1956. Наука в истории общества. М.: ИЛ – 1956.
  4. Commission Recommendation of 17 July 2012 on access to and preservation of scientific information https://op.europa.eu/en/publication-detail/-/publication/48558fc9-d4c8-11e1-905c-01aa75ed71a1/language-en
  5. Freeman C. 1987.Technology Policyand Economic Performance. London: Pinter Publishers
  6. Nelson R. 1993. National Systems of Innovation: A Comparative Analysis.Oxfordhttps://books.google.ge/books?hl=en&lr=&id=C3Q8DwAAQBAJ&oi=fnd&pg= PR7&dq=Nelson+R.+1993.+National+Systems+of+ Innovation &ots =diN_ hNACrM&sig=jmEBjO8jnE4vke8mwS345TXZKHk&redir_ esc=y#v=onepage&q=Nelson%20R.%201993.% 20National%20Systems%20of%20Innovation&f=false
  7. Kuznets S. 1930. Secular Movements in Production and Prices. Their Nature and their Bearing upon Cyclical Fluctuations. Boston: Houghton Mifflin, 1930.
  8. Freeman Ch. 1974. The economics of industrial innovation
  9. Lundvall B. Nationa. 1992. Systems of Innovation: Towards a Theory of Innovation and Inter- active Learning. London,1992.
  10. Open Innovation, Open Science, Open to the World 22 June 2015. European Commission – Speech. Brussels, “A new start for Europe: Opening up to an ERA of Innovation”. Conference
  11. Tsirenshchikov    V. 2019. Strategy of Innovative Development of the European Union: New Goals and Initiatives. „SovremennayaEvropa“, 2019 Issue 6 https://arxiv.gaugn.ru/s0201-70830000621-6-1-ru-417/
  12. Кондратьев Н. Д. 2002. Большие циклы конъюнктуры и теория предвидения. М.: Экономика, 2002.
  13. Смит А.2007. Исследование о природе и причинах богатства народов. — М.: Эксмо, 2007. 
  14. Сорокин П. С. 2000. Социальная и культурная динамика. 2000.
  15. ШвецИ. Ю. 2019. Институциональные аспекты национпльной инновационной системы. Друкеровский вестник. 2019. № 5
  16. Шумпетер Й. А. 1989. Теория экономического развития. М.: Прогресс, 1982